
„ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ სატრანსპორტო სექტორს და შესაბამისად, არსებობს ის გრძელვადიანი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს სექტორი და ამ გეგმას ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ბათუმში გამართულ საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე საუბრისას განაცხადა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი იქცა მნიშვნელოვან პლატფორმად ქვეყნის მიერ განხორციელებული პროექტებისა და დაგეგმილი ღონისძიებების განხილვისთვის.
„რეგიონულ ჭრილში ვისაუბრეთ შუა დერეფნის როლზე მსოფლიო სავაჭრო სისტემებში და იმაზე, თუ რას ვაკეთებთ ჩვენ, პარტნიორი სახელმწიფოები ერთად იმისთვის, რომ შუა დერეფანი გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი და ამ მიმართულებით ვიყოთ საიმედო პარტნიორები მსოფლიოს სავაჭრო სისტემისთვის. ფორუმის ფარგლებში გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრებიც და გამოვყოფდი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის როლს და გენერალური მდივნის ვიზიტს, იქიდან გამომდინარე, რომ მისი ვიზიტი ნამდვილად ხაზს უსვამს თვითონ ფორუმის და იმ თემების აქტუალობას, რომელიც ფორუმზე განვიხილეთ. გამოვყოფდი იმ კერძო სექტორსაც, რომელსაც ჩვენ შევხვდით, ეს იქნება Columbia Shipmanagement, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი ქართველი მეზღვაურების, ასევე COSCO Shipping, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად საკონტეინერო ხაზს და აქვე გამოვყოფდი Abu Dhabi Ports. მათთან გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები“ - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, ასევე მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები შედგა პარტნიორი ქვეყნების - ყაზახეთის, თურქეთისა და სომხეთის წარმომადგენლებთან, რომლებთანაც ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიები გაიმართა.
„ასეთი მაღალი დონის დიალოგი ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ განვიხილოთ მნიშვნელოვანი თანამშრომლობის საკითხები, დავგეგმოთ მომავალი თანამშრომლობა და აქედან გამომდინარე, მივაღწიოთ იმ მნიშვნელოვან შედეგებს, რომელსაც წლების განმავლობაში უკვე საქართველოს სატრანსპორტო სექტორში ვხედავთ“ - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ბათუმში 7-8 სექტემბერს გაიმართა და მას 300-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა.