
რუსეთის მხარეს მამა გაბრიელ ურგებაძის სახელობის ქვედანაყოფი იბრძვის - მათ ბესიკ დანელიამ და ქართველმა ე.წ. მოხალისეებმა ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში დახმარება ჩაუტანეს - ინფორმაციას რუსული გამოცემა "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
გამოცემა ბესიკ დანელიას მოიხსენიებს, როგორც "ქართველ საზოგადო მოღვაწეს" და წერს, რომ ქართველებმა რუს მებრძოლებს მოტოციკლეტები და საველე სამლოცველოები გადასცეს.
"ჩვენ ჩამოვედით დონეცკის რესპუბლიკაში, რათა გვენახა ჩვენი ძმები, რომლებიც წინა ხაზზე სამშობლოს იცავენ. ჩვენ მებრძოლებს ჰუმანიტარული დახმარება ჩამოვუტანეთ, რომელიც, ჩვენი რწმენით, მათ დაეხმარება“ - ამბობს დანელია გამოცემასთან.
ოკუპირებული დონეცკის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის თქმით, მათ "ქართული დელეგაცია" ესტუმრა, რომლებმაც "ღიად აირჩიეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მხარე".
უკრაინაში ქართული ბატალიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი ამბობს, რომ ეკლესიამ არ უნდა მისცეს კრემლს ქართველი წმინდანის გამოყენების უფლება:
"ძალიან მნიშვნელოვანია საპატრიარქოს პოზიცია. ეკლესიამ არ უნდა მისცეს ამის უფლება, რომ გამოიყენონ ოკუპაციური ჯარის სახელად, რაღაც ნაწილის ან დანაყოფის სახელად, გამოიყენონ ქართული წმინდანის სახელი. გასაგებია, ეს ყველაფერი გათვლილია საქართველოს დისკრედიტაციისთვის. გათვლილია იმისთვის, რომ საქართველო რუსეთთან ერთად მოხვდეს სანქცირებულ სიაში. ისედაც, ბოლო პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე და ევროპელი პოლიტიკოსების აქტიურობიდან გამომდინარე, რუსეთი ძალიან ცდილობს, რომ საქართველო გახდეს რუსეთის თანამონაწილე და დამნაშავე".