რეზონანსი
09.09.2026

ექვს-საათიანი დაკითხვა დასრულებულია - ანდრია ლილუაშვილმა სუს-ის ექს შეფის საქმეზე სასამართლოს ვრცელი ჩვენება მისცა. "თაღლითური ქოლ-ცენტრების" ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ადასტურებს, რომ სუს-ის შენობაში გრიგოლ ლილუაშვილთან რამდენჯერმეა ნამყოფი, თუმცა უარყოფს, რომ მასთან "ქოლ-ცენტრებიდან" წილი მიჰქონდა. 

საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის თქმით, მოწმემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისვლები გრიგოლ ლილუაშვილის მოუცლელობთ ახსნა და თქვა, რომ ნათესავებს მხოლოდ ამ გზით ჰქონდათ დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნის მონახულების საშუალება.

ასევე სახელმწიფო მბრალმდებელი საუბრობს აუდიო-ჩანაწერზეც, სადაც პროკურორის მტკიცებით, ქოლ-ცენტრიდან ნაშთის სახით დარჩენილი ფულის გაყოფაზე მიდის საუბარი. მარიამ ბერძენიშვილის თქმით, მტკიცებულებაში 4 ადამიანის ხმაა იდენტიფიცირებული, რომელთაგან ერთ-ერთი ანდრია ლილუაშვილია.

პროკურორი ამბობს, რომ სწორედ ანდრია ლილუაშვილს ეუბნებიან, რომ თანხა მეხუთე ადამიანს უნდა გადაეცეს. 

"მოწმეები ამბობენ, რომ მეხუთე პირი იყო გრიგოლ ლილუაშვილი, თუმცა ანდრია ლილუაშვილმა განმარტა, რომ მეოთხე და მეხუთე კაციც თავად იყო და ორი კაცის წილი უნდა მიეღო თვითონ" - ამბობს მარიამ ბერძენიშვილი. 

"მან განმარტა, რომ ვერ იფიქრებდა, რომ ეს იქნებოდა უკანონო საქმიანობა. თვლიდა, რომ კრიპტოვალუტით უნდა ევაჭრათ. რომ ვკითხე, რაში მდგომარეობდა ეს ვაჭრობა ან  კრიპოვალუტით ვაჭრობისთვის ლიცენზია ჰქონდათ თუ არა, მან განმარტა, რომ ამაზე ინფორმაცია არ აქვს.  თვითონ უარყოფს ფაქტს, რომ ქოლ-ცენტრთან რაიმე ფორმით შეხება ჰქონდა, შესაბამისად ვერ და არ იტყოდა, რომ გრიგოლ ლილუაშვილი რამეს მფარველობდა. აუდიო ჩანაწერი გვაქვს, როდესაც ეს ქოლ-ცენტრი დაიხურა, პირდაპირ მიდის საუბარი იმაზე, თანხა რაც დარჩა ნაშთის სახით ქოლ-ცენტრს, უნდა გაყოფილიყო 5 ადამიანზე. ამ ხუთი ადამიანიდან 4 ადამიანი არის იდენტიფიცირებული და ერთ-ერთი არის ანდრია ლილუაშვილი,  მეხუთე ადამიანზე დაესვა კითხვა, ვინ იყო, იმიტომ, რომ საუბარში ასე ისმის, რომ აქამდე 5 კაცზე იყოფოდა და ახლაც მეხუთეს უნდა გადაეცეს თანხა. როდესაც ვკითხე ვინ იყო ეს მეხუთე კაცი, ბუნებრივია, რომ სხვა მოწმეები ამბობენ, რომ ეს იყო გრიგოლ ლილუაშვილი, თუმცა ანდრია ლილუაშვილმა განმარტა, რომ მეოთხე და მეხუთე კაციც თავად იყო და ორი კაცის წილი უნდა მიეღო თვითონ. თავად ფაქტი, რომ ის სუს-ში იმყოფებოდა რამოდენიმეჯერ, თვითონ ამბობს, რომ ხუთჯერ, ეს დაადასტურა. საერთოდ როდესაც კითხვა დაესვა, რატომ შეიძლება დადიოდეს მთელი სანათესაო სამუშაო ადგილზე, მითუმეტეს სუს-ში, განმარტება მივიღე, რომ გრიგოლ ლილუაშვილი იყო ძალიან დაკავებული და ვინაიდან თვითონ ვერ მიდიოდა ნათესავებთან, ისინი აკითხავდნენ სუს-ში", - ამბობს მარიამ ბერძენიშვილი.

სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეტა გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმაც - ლანა ცერცვაძის თქმით, მთავარმა მოწმემ, რომელზეც ბრალდების მხარე აპელირებს, რომ სწორედ მას მიჰქონდა ფული სუს-ში ლილუაშვილისთვის, დღეს ეს ვერსია არ დაადასტურა. 

"ანდრია ლილუაშვილმა ხაზგამისთ განმარტა, რომ არასოდეს არავისთვის მიუტანია ფულადი სახის ქრთამი, მითუმეტეს გრიგოლ ლილუაშვილისთვის და არანაირი ქოლ-ცენტრის მფარველობას გრიგოლ ლილუაშვილის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რადგან თავად ბრალდების მხარის ვერსიაა, რომ სხვა პირმა კი არ მიიტანა ეს თანხა გრიგოლ ლილუაშვილთან, არამედ ანდრია ლილუაშვილმა. ლოგიკურია, რომ ანდრია ლილუაშვილგან უნდა დაასტურებულიყო ეს ინფორმაცია, თუმცა ანდრია ლილუაშვილმა თქვა, რომ მსგავს ფაქტს ბუნებაში ვერ ექნებოდა ადგილი", - განაცხადა ადვოკატმა ლანა ცერცვაძემ. 

პარასკევს ჩანიშნულ პროცესზე სასამართლო უკვე ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას მოისმენს - მისცემს თუ არა ჩვენებას თავად სუს-ის ექს-შეფი, ადვოკატის თქმით, ეს ჯერ გრიგოლ ლილუაშვილს გადაწყვეტილი არ აქვს.

შემდეგ კვირაში კი უკვე სასამართლო დაცვის მხარის დაკსვნით სიტყვას მოიხსმენს, დასკვნითი სიტყვით სავარაუდოდ ისარგებლებს გრიგოლ ლილუაშვლიც. არ არის გამორიცხული, რომ მომდევნო კვირას ამ საქმეზე განაჩენიც გამოცხადდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×