
ჯუანშერ ბურჭულაძესთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმება ირაკლი ღარიბაშვილისთვის სავარაუდოდ, მოულოდნელი არ იყო - როგორც ბურჭულაძის ადვოკატი, ლევან მახარიშვილი ამბობს, მისი ინფორმაციით, ექს-პრემიერსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს შორის ამ საკითხზე გარკვეული დიალოგი არსებობდა.
"ბატონ ჯუანშერს რომ სდომოდა თანამშრომლობა, მას პირველივე დღესვე შეეძლო ეთანამშრომლა, რაც შეეხება ბატონ ღარიბაშვილს, მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის გარკვეული დიალოგი არსებობდა აღნიშნულთან დაკავშირებით, თუმცა მე შემიძლია პასუხი გაგცეთ იმ ინფორმაციაზე, რასაც ზუსტად ვფლობ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მათ შორის არსებობდა სხვადასხვა ტიპის დიალოგი და ეს არ უნდა ყოფილიყო რაღაც მოულოდნელობა. ჩემი ინფორმაციით ღარიბაშვილისთვის მოულოდნელობა არ უნდა ყოფილიყო დღევანდელი საპროცესო", - განაცხადა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა.
ცნობისთვის, პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის ნათესავს, ვასილ მხეიძეს ახალი ბრალდება წარუდგინა, თუმცა „გამოძიებასთან მათი თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით", ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობითად.