რეზონანსი
07.09.2026

 ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი პრემიერ-მინისტრმა გახსნა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მზარდი ტვირთნაკადების ფონზე, საპორტო შესაძლებლობების განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

მთავრობის მეთაური გადაზიდვის დროის განახევრებაზე, ნავსადგურების გამტარუნარიანობის გაორმაგებასა და აეროპორტების ტევადობის გასამმაგებაზე საუბრობს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის კონტექსტში, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ პროექტში სახელმწიფოს ინტერესებისა და კერძო სექტორის მონაწილეობის ბალანსი, საპორტო ინფრასტრუქტურაზე სამართლიან წვდომას უზრუნველყოფს.

პრემიერის განცხადებით, საქართველომ საზღვაო ტრანსპორტის სექტორში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა. ახლა კი ქვეყანა საერთაშორისო საზღვაო სტანდარტების დანერგვას განაგრძობს.

შავი ზღვის პოტენციალსა და საქართველოზე, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთ საკვანძო რგოლზე საუბრობს ეკონომიკის მინისტრი. მარიამ ქვრივიშვილი აქცენტს, გლობალურ ბაზრებთან იმ ქვეყნების დაკავშირებაზე აკეთებს, რომელთაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვთ. როგორც მინისტრი ამბობს, საქართველო მზად არის პარტნიორ სახელმწიფოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან მუშაობით, შუა დერეფანი უწყვეტ, ეფექტიან და საიმედო მარშრუტად იქცეს.

ბათუმში მიმდინარე ფორუმი რეგიონის ყველაზე მასშტაბური სადისკუსიო სივრცეა. პლატფორმა სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს, საზღვაო, სატრანსპორტო, ლოგისტიკური ინდუსტრიის ლიდერებს, ექსპერტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს აერთიანებს.

ფორუმის გახსნის დროს დაკავშირებადობის მიმართულებასა და შუა დერეფნის განვითარებაში საქართველოს როლზე, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმაც ისაუბრა.

ფორუმის გახსნის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის, მათ შორის, საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერების, გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესებისა და ციფრული დაკავშირებადობის განვითარების მიმართულებით. აქცენტები გაკეთდა საქართველოს როლზე საზღვაო სექტორის განვითარებასა და მოდერნიზაციაში.

დღესვე, ირაკლი კობახიძე "კოლუმბია გრუპის" პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა, სადაც მხარეებმა საზღვაო სექტორის მხარდაჭერაზე, ქართველი მეზღვაურების დასაქმებაზე, ტვირთნაკადის ზრდასა და ქვეყნის საპორტო შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×