შუა დერეფანმა უნდა იმუშაოს, როგორც ერთიანმა, ურთიერთდაკავშირებულმა სისტემამ, სადაც საზღვაო ტრანსპორტი ამ სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე „ზღვებიდან დერეფნებამდე: გლობალური ვაჭრობის ახალი გეოგრაფია“ გამოსვლისას.
თამარ იოსელიანის თქმით, პორტების გამტარუნარიანობის გაზრდა უსაფრთხო ნაოსნობას, ეფექტიან მართვას, საერთაშორისო სტანდარტებსა და კვალიფიციურ კადრებს უნდა ეფუძნებოდეს.
„შუა დერეფანი თავისი არსით მულტიმოდალურია. ჩვენი ამოცანაა, ეს მარშრუტი მაქსიმალურად შეუფერხებლად მომუშავე გავხადოთ და პორტები და საზღვაო გადაზიდვები რკინიგზასთან, ავტომაგისტრალებთან, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსა და ციფრულ სისტემებთან დავაკავშიროთ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
თამარ იოსელიანი ამბობს, რომ სწორედ ამ მიდგომას ეფუძნება საქართველოს მთავრობის პოლიტიკა.
„ჩვენ ინვესტიციებს ვდებთ მთლიან სატრანსპორტო ჯაჭვში: რკინიგზაში, ავტომაგისტრალებში, არსებულ პორტებსა და ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში. თუმცა, ამ ინვესტიციების რეალური ღირებულება გამოჩნდება იმით, თუ რამდენად ეფექტურად დაუკავშირდება ეს პროექტები ერთმანეთს და ფართო რეგიონის ინფრასტრუქტურას. ჩვენი მიზანი ისეთი დერეფნის შექმნა უნდა გახდეს, რომელიც თავიდან ბოლომდე იქნება საიმედო, ეფექტიანი, უსაფრთხო და კონკურენტუნარიანი“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
მისივე თქმით, ამ შედეგის მიღწევა მოითხოვს ინვესტიციებსა და ძლიერ ინსტიტუტებს, თუმცა, უპირველეს ყოვლისა თანამშრომლობას მთელი დერეფნის მასშტაბით.