
სვანეთში მომხდარი დაჭრისა და ფიზიკური ანგარიშსწორების საქმეზე ახალი დეტალები გაირკვა - დაკავებულია კლიმენტი ჩართოლანი, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე ცემა და ორი პირი დაჭრა. ისიც კლინიკაშია მოთავსებული, რადგან დაზიანებები აღენიშნება.
"ტვ პირველმა" გაარკვია ისიც, რომ დაპირისპირებაში ფიგურირებს ცნობილი "ტიკ-ტოკერი" და ერთ-ერთი რეალითი შოუს მონაწილე ავთო ჯაფარიძე.
ავთოს დედა, თამარ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მისმა შვილმა არასრუწლოვანი და დედამისი მოძალადისგან გადაარჩინა. ჯაფარიძეს ჩართოლანმა რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, ახალგაზრდა კაცს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია "ტიკ-ტოკერის" მეგობარი გოგოც, რომელიც სვანეთში ჯაფარიძესთან ერთად იმყოფებოდა.
"ავთო აბსოლუტურად უწყინარი ადამიანია - სავარაუდოდ, მან სიკვდილისგანაც დაიცვა ის ადამიანები. ავთო ამ ეტაპზე გამოკითხული არ არის. ერთი დღის ჩასული იყო სვანეთში და არანაირი დეტალი არ ვიცი. ბავშვებს შორის კონფლიქი გადაზარდა მშობელმა, ავთომ კი შემთხვევით გაიარა იმ ადგილას. ვიცი, რომ დაიცვა არასრულწლოვანი დედასთან ერთად" - აცხადებს ავთო ჯაფარიძის დედა.
საქმის მასალების მიხედვით, დაბა მესტიაში, ორ არასრულწლოვანს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა. შსს-ს ცნობით, კონფლიქტში ჩაერთო ერთ-ერთი არასრულწლოვანის მამა, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეორე არასრულწლოვანს. ინციდენტში მოგვიანებით რამდენიმე მოქალაქე ჩაერთო, რა დროსაც ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრა, ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავდა ბრალდებულიც.
წყარო: ტვ პირველი