რეზონანსი
05.09.2026

დღეს ახალი ფურცელი იშლება ქართული ავიაციის ისტორიაში - 15 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებაში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ,,ამბასადორის საავიაციო სოფლის” გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს პროექტი ადგილობრივ ეკონომიკას და ტურისტულ პოტენციალს მნიშვნელოვნად წაახალისებს.

,,დღეს ახალი ფურცელი იშლება ქართული ავიაციის ისტორიაში. ეს არის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“, რომელიც სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, “საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ თანადაფინანსებით ხორციელდება. ეს პროექტი კაჭრეთს რეგიონში მცირე ავიაციისა და ავიატურიზმის მიზიდულობის ცენტრად აქცევს. 15 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებაში.

ეს არის 16 ჰექტარზე გაშლილი მრავალფუნქციური სივრცე უმაღლესი სტანდარტების აეროდრომით, საერთაშორისო დონის საფრენოსნო აკადემია, საავიაციო კლუბი და ავია-ვილების სარეზიდენციო დასახლება. ეს ინფრასტრუქტურა მთლიანობაში ქმნის ძალიან საინტერესო სივრცეს. ადგილობრივ ეკონომიკას და ტურისტულ პოტენციალს ეს მნიშვნელოვნად წაახალისებს. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პროექტი საერთაშორისო ასპარეზს უხსნის ჩვენს ახალგაზრდობას - აქ მომზადდებიან მაღალი კლასის პილოტები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტის ლიცენზიებს მიიღებენ”, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ ევროპელი მფრინავების ეკიპაჟებს საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა.

,,მინდა, განსაკუთრებით მივესალმო გამოცდილი ევროპელი მფრინავების 30-მდე ეკიპაჟს, რომელიც ჩამობრძანდა საქართველოში. მათი აქ ყოფნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს საქართველო საერთაშორისო საავიაციო რუკაზე.

დარწმუნებული ვარ, კაჭრეთის აეროდრომი და სამომავლოდ ბათუმის ხელოვნური კუნძულის საავიაციო სივრცე შექმნის ერთიან, ქსელს, რაც ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობასა და ეკონომიკურ პოტენციალს სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში. განსაკუთრებული მადლობა ამ პროექტის სულის ჩამდგმელებს, დიდი მადლობა ბატონ გოგა ქებურიას, თორნიკე ქებურიას, თითოეულ ადამიანს, ვინც ამ პროექტის სათავეში იდგა და ვინც ეს ამბიციური იდეა რეალობად აქცია. ჩვენს მფრინავებს ვუსურვებ მშვიდობიან ფრენას, ხოლო „ამბასადორის საავიაციო სოფელს“ ვუსურვებ დიდ წარმატებებს მომავალში“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×