
კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ გაიხსნა. პროექტის მიზანია, დაეხმაროს, მცირე ავიაციის და ავიატურიზმის განვითარებას საქართველოში და ამ მხრივ შექმნას ქვეყნისთვის დამატებითი ტურისტული პოტენციალი. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ სასეირნო ფრენებით, გადაუფრინონ ალაზნის ველსა და სიღნაღს, დატკბნენ კავკასიონის მთათა სისტემის ულამაზესი ხედებით, ასევე გადაფრინდნენ სვანეთში, ბათუმში და საქართველოს ნებისმიერ სხვა რეგიონში. დაინერგება ავია ტაქსის სერვისიც.
პროექტის ერთი ნაწილი დაეთმობა აეროდრომს, ანგარს და შესაბამის ინფრასტრუქტურას, ხოლო მეორე ნაწილზე იგეგმება ავია ვილების მშენებლობა. ტერიტორიაზე მოეწყობა ძირითადი და სათადარიგო ასაფრენი ბილიკები. ძირითადი ბილიკის სიგრძე 1185 მეტრი, სიგანე კი 18 მეტრი იქნება. სათადარიგო ბილიკის სიგანე - 9 მეტრია. აეროდრომის ტერიტორიაზე აშენდება ასევე სკოლა, რომელიც ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ იქნება აკრედიტირებული, სადაც მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, შეისწავლონ საჰაერო ხომალდების მართვა და კურსების წარმატებით გავლის შემთხვეაში აიღონ, როგორც ულტრამსუბუქი საჰაერო ხომალდის მართვის, ასევე კერძო საპილოტე ლიცენზია.
აღნიშნული ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია მართოს ულტრამსუბუქი ტიპის საჰაერო ხომალდი, რომელიც გათვლილია 2-6 ადამიანზე. პროექტის ფარგლებში იგეგმება საავიაციო კლუბის დაფუძნებაც, რომელიც რეგულარულად უმასპინძლებს ავია გამოფენებს, შოუებს და ორგანიზებას გაუწევს სხვადასხვა პროფილურ ღონისძიებებს. ჩვენმა კომპანიამ უკვე მოიპოვა დარგში ისეთი წამყვანი კომპანიების წარმომადგენლისა და დილერის სტატუსი. აღსანიშნავია, რომ აეროდრომის ტერიტორიაზე მოეწყობა ტექნიკური ცენტრი, რომელიც საჰაერო ხომალდებს ტექნიკურ მომსახურებას გაუწევს და შესთავაზებს სპეციალურ სადგომს.