
ნიკა მელიაზე თავდამსხმელი არ დაუკავებიათ - „ტვ პირველის“ ინფორმაციით, კაცი, რომელიც ოპოზიციონერ პოლიტიკოს 2024 წლის 11 აგვისტოს სამტრედიაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს თავს დაესხა, სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სულხან საბა ნიკოლეიშვილი, რომ თავისუფალია, ეს „ ტვ პირველს“ მისმა მამამ, მირზა ნიკოლეიშვილმაც დაუდასტურა.
„ციხეში რომ არ არის, ეს კი ვიცი. არ ვიცი, რამდენი გადაიხადა და როგორ გააკეთა, რომ გამოსულიყო. გარეთ რომ არის და ციხეში არა, ეს თქვენც კარგად იცით“, - ამბობს მირზა ნიკოლეიშვილი.
ნიკა მელიას ადვოკატი შერჩევით მართლმსაჯულებაზე საუბრობს - უფლებადამცველის თქმით, აღნიშნული თავდასხმა „ქართული ოცნების“ ნებისმიერ მაღალჩინოსანზე რომ მომხდარიყო, თავდამსხმელი ახლა თავისუფლებაზე ვერ იქნებოდა.
„არავის დაკავება ჩვენ არ გვიხარია, უბრალოდ რომ წარმოიდგინოთ „ქართული ოცნების“ ნებისმიერი პოლიტიკოსი, პირობითად, კახა კალაძეს რომ ვინმე თავს დაესხას, ეს ადამიანი გარეთ თავისუფლებაზე ხომ ვერ იქნება? ნიკა მელიას შემთხვევაში სხვანაირად არის. ასევე, ნიკა მელია საკუთარი გატაცების საქმეზე გაამტყუნა სასამართლომ. ასევე სამ ასოიანი უხსენებელი სიტყვის, გამო, რომელიც საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, ნიკა მელიას წელიწადი და 6 თვე მიესაჯა. ეს მაგალითი ცხადყოფს, რომ ქვეყანაში არსებობს შერჩევითო მართლმსაჯულება“, - აცხადებს ადვოკატი ბექა კვინიკაძე.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ 2024 წლის 11 აგვისტოს სამტრედიაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიება 729 დღის შემდეგ დაიწყო და სამ პირს ბრალდება წარუდგინა. უფრო კონკრეტულად, 2026 წლის 9 აგვისტოს პროკურატურამ საბა ნიკოლეიშვილს, ასევე ნიკა მელიას თანაგუნდელებს (ცოტნე მირცხულავასა და გაბრიელ კობაიძეს, რომლებმაც თავდამსხმელი ადგილზე გაანეიტრალეს), ბრალი წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162¹ მუხლის პირველი ნაწილით. ეს მუხლი გულისხმობს ძალადობას წინასაარჩევნო აგიტაციის ან საარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს თავდასხმა ნიკა მელიაზე საარჩევნო კამპანიის პერიოდში მაშინ მოხდა, როცა ოპოზიციის ლიდერი პარტია ახალის ერთ-ერთ ოფის სამტრედიაში ხსნიდა. მედიასთან კომენტარს აკეთებდა და სწორედ ამ დროს ჩაარტყა სულხან-საბა ნიკოლეიშვილმა მუშტი სახეში. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ დაპირისპირების განეიტრალება იქვე მდგომმა სტუდენტმა ცოტნე მირცხულავამ და მელიას მცველმა გაბრიელ კობაიძემ სცადეს. ამ დროს თავდამსხმელი მანქანასთან წაიქცა.