
ძალადობრივი ეპიზოდები, რევოლუციური მოწოდებები, ბარიკადების წინ გაშვებული ახალგაზრდები და ბარიკადებს მიღმა დამალული პოლიტიკოსები - პარლამენტის თავმჯდომარე ვრცელ განცხადებაში ძალადობრივი აქციების შედეგებსა და ექსტრემისტულ ქმედებებში ჩართული მსჯავრდებულების მოტივებს მიმოიხილავს. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, რადიკალური ჯგუფები გარედან მართული ოპოზიციის გავლენით მოქმედებდნენ. ხელისუფლების ოპონენტებმა ისინი ბრმა იარაღად გამოიყენეს. სახელმწიფო კი მსჯავრდებულებს პოლიტიკურ მტრებად არასდროს აღიქვამდა. სპიკერის განმარტებით, ამ ყველაფრის ფონზე, ერთადერთი, რასაც მათგან არა პოლიტიკა, არამედ სამართალი ითხოვს, ჩადენილი დანაშაულის აღიარება, პასუხისმგებლობის აღება და პირობის დადებაა, რომ კანონს აღარ დაარღვევენ.
სახელმწიფოს მიდგომა, დანაშაულის აღიარების შემთხვევაში, რომ ჰუმანურია, ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებამაც დაადასტურა. მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 ადამიანი შეიწყალა, მათ შორის 9 ძალადობრივი აქციების მონაწილეა. მსჯავრდებულებმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით თავად მიმართეს, რასაც ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მმართველი გუნდისთვის ოპონენტების ეს რეაქცია კიდევ ერთი დასტურია იმისა, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს. „ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ ოპოზიციონერებს, რომლებიც გარე დავალებებით მოქმედებენ, პატიმრების გათავისუფლება არ აწყობთ, რადგან ასე ხელოვნურად შექმნილ პროტესტს ვეღარ გაახანგრძლივებენ.
მოუწოდებენ თუ არა ოპოზიციონერები პატიმრებს, რომ შეწყალება ითხოვონ? ამ კითხვაზე "ნაციონალური მოძრაობის" პასუხი უარია. სააკაშვილის პარტიის ის წევრები, რომლებიც 4 ოქტომბერს დემონსტრანტებს „მშვიდობიანი დამხობისა" და რევოლუციისკენ უბიძგებდნენ, დღეს შედეგებზე პასუხისმგებლობას თავად საპატიმროში მყოფ პირებს აკისრებენ.
„ნაციონალური მოძრაობისა" და მისი პარტნიორების ეს რიტორიკა მორიგი ოპოზიციური დაპირისპირების საბაბიც გახდა. გახარიას გუნდში ამბობენ, რომ აქციების ორგანიზატორ პოლიტიკოსებს ბოდიში აქვთ მოსახდელი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ძალადობრივ ქმედებებში ჩართეს.
რადიკალურ ქმედებებში ოპოზიციის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ფაქტებზე დაყრდნობით საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობა. კანონმდებლები განმარტავენ, რომ მსჯავრდებული ახალგაზრდები შეცდომაში სწორედ ოპოზიციონერებმა შეიყვანეს. ძალადობრივი ქმედებების ჩადენის გამო პატიმრობის შემდეგ კი მიატოვეს.
მორალურ ტერორზე ამახვილებს ყურადღებას პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი ერთმანეთს ადარებს ოპოზიციის დამოკიდებულებას დაკავებულების მიმართ პროცესის სამ სხვადასხვა ეტაპზე: უშუალოდ ძალადობრივი მოვლენების დროს, შეწყალების მოთხოვნამდე და მას შემდეგ, რაც დანაშაულის აღიარების საკითხი დადგა. სპიკერი განმარტავს, რომ ოპოზიციის მიზანი ერთადერთია - პატიმრებმა საპატიმრო არ დატოვონ.
არშემდგარი რევოლუციები, პარლამენტის გადაწვის მცდელობა, პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა და კონსტიტუციური წყობილების გადატრიალების ჩავარდნილი არაერთი სცენარი. ძალადობრივ აქციებზე ათეულობით პირის მიმართ დადგა განაჩენი. მათგან 45 უკვე თავისუფალია, ნაწილმა შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართა, ნაწილმა კი პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. დანაშაულის აღიარებისა და მონანიების შემთხვევაში, საპყრობილის დატოვება სხვა მსჯავრდებულებსაც შეეძლებათ.