რეზონანსი
03.09.2026

 ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვის საფუძველი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გავრცელებული ბოლო წერილი გახდა, სადაც მსჯავრდებული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტს, რაც პროკურატურის განცხადებით უკვე უტყუარად დადასტურებულია. შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა, გამოკითხულია გარდაცვლილთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი,თუმცა ამის მიუხედავად ჯორბენაძის თვითმკვლელობაზე საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო, გამოძიებას დამატებითი შეკითხვები ახლა სულ 11 პირთან, პირველ რიგში კი ირაკლი ღარიბაშვილთან აქვს.

დღესვე გამოძიების შეკითხვებს უპასუხეს, ირაკლი ღარიბაშვილის წერილის საფუძველზე, საჯაროდ გაკეთებული განცხადებების ავტორებმაც- ოპოზიციიდან. პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოიკითხა ნიკა გვარამია, გია ხუხაშვილი და გიორგი გიგაური. საგამოძიებო უწყებაში მისულმა თითოეულმა პირმა თქვა, რომ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე არაფერი იცის. უფრო მეტიც არც მისი ვინაობის შესახებ იცოდნენ აქამდე.

"თუ არაფერი იციან, რაზე დაყრდნობით გაიზიარეს უაპელაციოდ ირაკლი ღარიბაშვილის წერილის შინაარსი?" - ეს რიტორიკული შეკითხვა დღეს მმართველ გუნდში არაერთხელ დაისვა. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებით ამბობენ, რომ მსჯავრდებული ღარიბაშვილი და ოპოზიცია სუიციდის დადასტურებულ ფაქტზე კონსპირაციული თეორიების კოორდინირებულად გავრცელებით, სახელისუფლებო პარტიის დისკრედიტაციას ცდილობენ.

შემთხვევით არც სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მოხვედრილან პროკურატურის გამოსაკითხ პირთა სიაში. ღარიბაშვილის მსგავსი რიტორიკით, საჯარო განცხადებები გააკეთეს ხატია დეკანოიძემ, ნანუკა ჟორჟოლიანმა და თაზო დათუნაშვილმა - ეს მაშინ, როდესაც ყველა აღიარებს, რომ ჯორბენაძის სუიციდის ფაქტზე ან სისხლის სამართლის საქმის გარემოებებზე არაფერი იციან, თუმცა გამომძიებლების შეკითხვებს, მათივე გადაწყვეტილებით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხებენ.

მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია და ახლა უკვე ირაკლი ღარიბაშვილი ტრაგედიით მანიპულირებს. კორუფციაში მხილებული, რომელსაც მძიმე დანაშაული აღიარებული აქვს, უმრავლესობის თქმით, სამართლებრივი საქმის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას, შეთქმულების თეორიებით ცდილობს, რაც ხელს მხოლოდ ოპოზიციას აძლევს.

თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, ეჭვი არ აქვს თავად გარდაცვლილის ოჯახს. სისხლის სამართლის საქმეში დევს, გამოძიების ფარგლებში გამოკითხული ლაზარე ჯორბენაძის მეუღლის ჩვენება, სადაც ხათუნა სირაძე დეტალურად აღწერს თვითმკვლელობის ფაქტს,დანაშაულს გამორიცხავს და ამბობს, რომ პრეტენზია არავის მიმართ არ გააჩნია. პროკურატურის განცხადებით, თვითმკვლელობის ფაქტი სწორედ ჯორბენაძის მეუღლის,ოჯახის წევრებისა და გარდაცვლილთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვის საფუძველზე დადასტურდა.

თუმცა სენსიტიურ თემაზე საჯარო განცხადებების გამო საგამოძიებო უწყებას შეკითხვები გაუჩნდა სულ 11 პირის, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, რომელმაც კორუფციული დანაშაული 8 თვის წინ აღიარა და 5 წლიან პატიმრობას იხდის. თუმცა არ არის გამორიცხული ღარიბაშვილის სასჯელის ზომა გაიზარდოს, რადგან ქართული ჯარისთვის 7 მილიონამდე მიყენებული ზარალისა და 750 000 ლარის ქრთამის აღების ფაქტზე მას ახალი ბრალდება წარედგინა. დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში კი 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×