
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე ქვეყნის სახელით რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმს, "გურიას" წარადგენს. "ოსკარზე" ფილმი საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში იქნება წარდგენილი. კონკურსში ხუთი ფილმი მონაწილეობდა. გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრით მიიღეს.
ფილმი "გურია" შვიდი ქვეყნის: საქართველოს, შვეიცარიის, ლუქსემბურგის, ბულგარეთის, ნორვეგიის, თურქეთის და საუდის არაბეთის ერთობლივი პროდუქციაა.
"ჩვენ გადამღებ ჯგუფს და მსახიობებს პირველ რიგში მივულოცავ. ის, რომ შენს ქვეყანას წარმოადგენ ოსკარებზე რაღაცა მისიაა, პატივია და მიხარია, რომ ჩვენ ფილმს ერგო ეს წილად. ჩემი რამდენიმე ფილმი იყო წარდგენილი ოსკარზე. ერთხელ ვმონაწილეობდი ამ კამპანიაში. თავისი სპეციფიკა აქვს. ჩვენი ამოცანაა, რომ ფილმი მაქსიმალურად კარგად წარვადგინოთ, წარვადგინოთ ქართული კინო, ვენეციის კინოფესტივალიც ამაში დაგვეხმარება, იქ იქნება მსოფლიო პრემიერა. იმედი გვაქვს, რომ გაშუქდება და ეს ამ პროცესს წაეხმარება", - აცხადებს რეჟისორი ლევან კოღუაშვილი.