
კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე, „ქოლ ცენტრების“ ეპიზოდზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების“ ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი, ელისო კილაძე მისცემს ჩვენებას.
ის გრიგოლ ლილუაშვილის დაცვის მხარის მოწმეა. მისი ადვოკატების თქმით, ელისო კილაძე „ქოლ ცენტრების“ საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის, შპს „სვეტის“ ხელმძღვანელის, გივი ჯიბლაძის ჩვენებას გააბათილებს, რომელიც „ქოლ ცენტრების“ მფარველობაში სწორედ ლილუაშვილს ადანაშაულებს.
რაც შეეხება კილაძის ადვოკატს, ნათია კოტრიკაძის განმარტებით, კილაძე თავისუფლების სანაცვლოდ უდანაშაულო ადამიანს ხელს არ დაადებს.
„გივი ჯიბლაძე გამოკითხვის ოქმში ამბობს, რომ გრიგოლ ლილუაშვილი „კრიშავდა" „ქოლ ცენტრების“ საქმეში და 250 000 ევროს უხდიდა ყოველ თვეს, ეს არასწორი ინფორმაციაა. ჯიბლაძე ბრალდებული იყო, იმის სანაცვლოდ, რომ მას ჩვენება მიეცა გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ, მოიპოვა თავისუფლება, ის ბრალდებულის სტატუსით იმყოფება გარეთ. ელისო კილაძე პირიქით, ამხელდა ლილუაშვილს, კრიტიკულ წერილებსაც წერდა. „ქოცი“ იყო თუ „ნაცი“, არასდროს ერიდებოდა. გრიგოლ ლილუაშვილი მისთვის მიუღებელ ფიგურას წარმოადგენდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სიმართლე უნდა ითქვას, მან უნდა დაადასტუროს, რომ ლილუაშვილთან არც კონტაქტი ჰქონია და არც სატელეფონო კომუნიკაცია“, - განაცხადა კოტრიკაძემ.
კითხვაზე, თუ საიდან არის ინფორმირებული ელისო კილაძე, რომ გივი ჯიბლაძის ჩვენება შესაძლოა, არასწორია, ადვოკატი ასე პასუხობს:
„გივი ჯიბლაძე და ელისო კილაძე ქუთაისიდან არიან, ისინი წლების წინ მეგობრები იყვნენ. ელისო კილაძე ყოველთვის მფარველობდა მას, როცა „სვეტს“ ხელმძღვანელობდა, როგორც ჟურნალისტი, რეკლამას უკეთებდა მას. როცა ჯიბლაძე ნარკოტიკულ დანაშაულზე პატიმრობიდან გათავისუფლდა, ის ელისო კილაძის სახლში იმყოფებოდა 1 თვის განმავლობაში, ეშინოდა, ისევ ნარკოტიკი არ ჩაედოთ. საქმე 28-ტომიანია, როცა ის ელისო კილაძემ წაიკითხა, გადაწყვიტა დაცვის მხარისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია და გამოკითხულიყო. ჯიბლაძეს კილაძესთან არასდროს უხსენებია, რომ ლილუაშვილს იცნობდა და ის მფარველობდა, ამ ჩვენების მიცემა მისი თავისუფლებიდან გამომდინარე მოხდა. ელისო კილაძე უდანაშაულო ადამიანს ხელს არ დაადებს და ამის სანაცვლოდ თავისუფლებას არ მოიპოვებს“, - განაცხადა კოტრიკაძემ.
ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.