რეზონანსი
03.09.2026

 

კონფლიქტის მოგვარების საკითხი უშუალოდ რუსეთმა და უკრაინამ უნდა გადაწყვიტონ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

„უპირველეს ყოვლისა, შეთანხმებას უშუალოდ რუსეთმა და უკრაინამ უნდა მიაღწიონ. ყველა სხვა ქვეყნებმა, რომლებიც მზად არიან, ამას მხარი უნდა დაუჭირონ. არა მხოლოდ აშშ-მა, არამედ აქ წარმოდგენილმა ქვეყნებმაც. საბოლოოდ, ეს პრობლემა კონფლიქტში ჩართულმა მხარეებმა უნდა მოაგვარონ. ესენი კი რუსეთი და უკრაინა არიან. ეს მიდგომა მართებულია“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, კონფლიქტის მოგვარების შანსი არსებობს.

„ყველას მადლიერები ვართ, ვინც ამ საკითხის მოგვარებაში წვლილის შეტანას ცდილობს. არის თუ არა შანსი? ჩემი აზრით, დიახ, ის არსებობს“, - აღნიშნა პუტინმა.

პუტინის განცხადებით, უკრაინასთან კონტაქტები სპეცსამსახურების მეშვეობით გრძელდება.

„ამ ეტაპზე გამიჭირდება იმის თქმა, თუ რამდენად მივდივართ ამ კონტაქტებით სამშვიდობო შეთანხმებამდე, იმ განცხადებების გათვალისწინებით, რომლებიც ბოლო დროს უკრაინის პირველი პირებისგან მოვისმინეთ. თუმცა, კონტაქტები ნამდვილად გრძელდება, პირველ რიგში სპეცსამსახურების მეშვეობით“, - განაცხადა პუტინმა.

პუტინის თქმით, „უკრაინის დასავლელი მოკავშირეები კიევის ქმედებებზე დუმილის შენარჩუნებით საერთაშორისო ტერორიზმის თანამონაწილეები ხდებიან“.

„ჩვენ ახლახან სამოქალაქო თვითმფრინავებზე თავდასხმის მუქარის შესახებ მოვისმინეთ. ეს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ტერორიზმის გამოვლინებაა და ორმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობებს ართულებს“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×