რეზონანსი
03.09.2026

რომ გითხრათ, რაიმე განსაკუთრებულს ველოდებით ამ დაკითხვებიდან-მეთქი, მოგატყუებთ - ყველაფერი, რაც ხდება, კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რამდენად ძირგამომპალია მთელი ეს სისტემა და რამდენად არ აქვს არანაირი კავშირი „ოცნების“ მმართველობას ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობასთან, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პროკურატურის მიერ ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გაკეთებული განცხადებების საფუძველზე რამდენიმე პირის გამოკითხვას გამოეხმაურა.

შარაშიძე ფიქრობს, რომ ეს პროცესები სანახაობის ნაწილია და არ ჰგონია, რომ ამას რაიმე ხელშესახები მოჰყვება.

„რომ გითხრათ, რაიმე განსაკუთრებულს ველოდებით ამ დაკითხვებიდან-მეთქი, მოგატყუებთ. აქ ყველაზე სამწუხარო რეალობა ის არის, რომ „ოცნება“ ამ პროცესით თავად აჩვენებს საკუთარ ნამდვილ სახეს ქართველ ხალხს. დღეს იმდენი აგენტი და ყოფილი „ნაცი“ არის „ოცნებაში“, ამ პარტიისგან სხვა მოლოდინი რა უნდა გქონოდა.

შესაბამისად, რაც უფრო მეტად გააგრძელებენ ერთმანეთის დასმენებსა და ჩაშვებებს, მით უფრო მალე და კარგად დაინახავს ქართველი ხალხი მათ ნამდვილ, რეალურ სახეს. ისედაც კარგად იცის, მაგრამ ეს პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება. ყველაფერი, რაც ხდება, კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რამდენად ძირგამომპალია მთელი ეს სისტემა და რამდენად არ აქვს არანაირი კავშირი „ოცნების“ მმართველობას ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობასთან. აგრეთვე იმაზე, თუ რამდენად კორუმპირებულები, მოძალადეები და ყველაფრის მკადრებლები არიან.

რაც მეტად გაგრძელდება ეს პროცესი, მით უფრო უკეთ დაინახავს ხალხი „ოცნების“ ნამდვილ სახეს.

საბოლოო ჯამში, მე პირადად ეს ისევ სანახაობის ნაწილი მგონია და არ მგონია, ამას რაიმე ხელშესახები მოჰყვეს.

აქ მთავარი ის არის, რომ რადგან სხვა დღის წესრიგს უკვე ვეღარ ქმნის, „ოცნებას“ ერთადერთი რამ დარჩა - ყოფილი და მოქმედი წევრების მხრიდან ერთმანეთის ჩაშვებები და დასმენები“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის განცხადებით, 2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო, საპროცესო მოქმედება და ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი.

მათივე ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, აღნიშნულ საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური. უწყების ცნობითვე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ასევე გამოიკითხება ირაკლი ღარიბაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×