
დღეს ჩვენ ვხვდებით ლაიფციგში რუსეთის თავდასხმის განსახილველად. გერმანიის მთავრობამ დაადგინა, რომ ლაიფციგ/ჰალეს აეროპორტში სატვირთო თვითმფრინავებზე თავდასხმის მცდელობის უკან რუსეთი დგას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს თავდასხმა რომ წარმატებით განხორციელებულიყო, უზარმაზარ ზიანს და შესაძლოა, მსხვერპლსაც გამოიწვევდა.
„ამიტომ, მინდა ძალიან ნათლად განვაცხადო, თუ რა იყო ეს. ეს იყო თავდასხმა სამხედრო დანიშნულების მასალების გამოყენებით, რომელიც რუსმა აგენტებმა ევროკავშირის ტერიტორიაზე განახორციელეს და ჩვენ ამას არ შევეგუებით. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ გერმანიას. და თუ მიზანი იყო, ორჯერ დავფიქრებულიყავით უკრაინის მხარდაჭერაზე, შემიძლია გითხრათ, რომ ამან მხოლოდ გაამყარა ჩემი სიმტკიცე. დაშინება არ იმუშავებს და სწორედ ამიტომ ვხვდები დღეს ნატოს გენერალურ მდივანს. ჩვენ ერთიანები ვართ. ევროპა და ნატო არა მხოლოდ გააგრძელებენ ზეწოლას რუსეთზე, არამედ გავზრდით მას და არ გავჩერდებით მანამ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს უკრაინაში უდანაშაულო ბავშვების, მამაკაცებისა და ქალების დაბომბვას და მკვლელობას“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ლაიფციგის თავდასხმა ევროპის ტერიტორიაზე ახალ ესკალაციას აღნიშნავს, რაც პირდაპირ რუსეთს უკავშირდება.
„თუმცა ეს სულ უფრო სახიფათო ინციდენტების უფრო ფართო ნიმუშის ნაწილია. ჩვენს საჰაერო სივრცეში არაერთი შემოჭრა. დრონები, რომლებიც ჩვენი აეროპორტების პარალიზებას ახდენენ. ჩარევა ჩვენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში. ევროპელები მკაცრი ჭეშმარიტების წინაშე დგანან, რომ ეს ახალი ნორმაა. უნდა გავაქტიურდეთ. ეს ნიშნავს, რომ მზად ვიყოთ რუსეთის უგუნურებას უფრო სწრაფად და უკეთ ვუპასუხოთ. ჩვენ ჩვენს ყოველდღიურ ინფრასტრუქტურას ისე უნდა მოვეკიდოთ, როგორც წინა ხაზზე არსებულ სამიზნეს და შესაბამისად დავიცვათ იგი. მხარს დავუჭერთ ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს - რუსეთის სამიზნეს. ევროპას უკვე ჰყავს სწრაფი რეაგირების ჯგუფები, რომლებსაც შეუძლიათ ამ ტიპის თავდასხმებზე რეაგირება, მიუხედავად იმისა, ეს ჩვენი კავშირის შიგნით ხდება თუ მის გარეთ. ჩვენი ძალა, ჩვენი მზადყოფნა, ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება ჩვენი შეკავების საშუალებაა“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ევროკავშირის სანქციებმა რუსეთი დაასუსტა და ბლოკი მზად უნდა იყოს დამატებითი სანქციების დაწესებისთვის.
„ჩვენმა სანქციებმა დაასუსტა რუსეთის ეკონომიკა. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ მეტი სანქცია და მზად გვქონდეს ისინი დასაწესებლად, როგორც კი ასეთი საშიში, სიცოცხლისთვის საშიში ქმედებების ჩადენა დამტკიცდება“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა დახუროს სანქციების გვერდის ავლის ყველა გზა, რომელსაც რუსეთი იყენებს. ურსულა ფონ დერ ლაიენმა განმარტა, რომ დღეს ირლანდიაში ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრები ახალ სასანქციო სიებს განიხილავენ.