
ეს არის კოორდინირებული კამპანია იმისთვის, რომ საქართველომ ჩააბაროს საკუთარი ტერიტორიები რუსეთს და უარი თქვას საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობაზე.ა გვაპარებენ წვეთ-წვეთად. ჩვენი ქვეყნის ორი მთავარი ამოცანა არის ჩვენი ხალხის კეთილდღეობა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. სხვა დანარჩენი არ არსებობს არც ერთი მიზანი, რომელიც ამაზე ზემოთ დგას, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, აფხაზების შემორიგებაზე არ გადის.
პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს დაამკვიდროს აზრი, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმით საქართველოს სხვა პერსპექტივები გაეხსნება.
„ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ პირდაპირ კამპანიას, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ეს ჯერ დაიწყო ბარამიძის განცხადებით, რომელმაც ომის დანაშაულები დააბრალა საქართველოს და ქართველ ჯარისკაცებს 90-იან წლებში მიმდინარე დაპირისპირებისას. შემდეგ გვარამიამ, რომელმაც ისტორიული ტრავმა უწოდა, რომლისგანაც საჭიროა გათავისუფლება და პარალელები გაავლო სომხეთთან და თქვა, რომ მისი შეფასებით, როგორც სომხეთი ყარაბაღის ტრავმისგან გათავისუფლდა და პერსპექტივები გაეხსნა, ასე უნდა გავთავისუფლდეთ ჩვენც ამ ტრავმისგან. პირდაპირ გამოჩნდა ამით თუ რა ხედვა აქვთ მათ ქვეყნის მთლიანობასთან დაკავშირებით. ეს გაგრძელებაა იმ ხაზის, რომელიც ზოგადად „ნაციონალურ მოძრაობას“ ყოველთვის ჰქონდა, მათ შორის ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ის, როცა სააკაშვილი ამბობს, რომ „აფხაზებს ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება“, ის, რომ „შერიგების პოლიტიკას აზრი არ აქვს“, ბოკერიას განცხადება, რომ „შერიგების პოლიტიკა არის ფუჭი“, გვარამიას განცხადება, რომ „ეს არის ტრავმა და ეს ტრავმა ბლოკავს ჩვენს განვითარებას და უნდა მოვიცილოთ და წინ გავიხედოთ“ - ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ეს არის კოორდინირებული კამპანია იმისთვის, რომ საქართველომ ჩააბაროს საკუთარი ტერიტორიები რუსეთს და უარი თქვას საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობაზე და გვაპარებენ წვეთ-წვეთად და ამას დაამატებენ, რაზეც საუბრობენ გვარამია სომხეთთან პარალელებით, რომ ამის სანაცვლოდ რაღაც პერსპექტივები გაიხსნება. ჩვენ გავიხსენოთ, რომ იმავეს ეუბნებიან უკრაინას, რომ კომპრომისზე უნდა წავიდეს თავის ტერიტორიებთან დაკავშირებით და ამით გაეხსნება უფრო მეტი პერსპექტივა განვითარებაში. იმავეს ეუბნებიან მოლდოვას დნესტრისპირეთთან დაკავშირებით და ახლა, როგორც ჩანს მოგვადგნენ ჩვენ. ამას აქედანვე უნდა გაეცეს მკაცრი პასუხი, რომ არანაირი კომპრომისი ჩვენი ქვეყნის მთლიანობით არ იქნება არანაირ მიზანთან დაკავშირებით. ჩვენი ქვეყნის ორი მთავარი ამოცანა არის ჩვენი ხალხის კეთილდღეობა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. სხვა დანარჩენი არ არსებობს არც ერთი მიზანი, რომელიც ამაზე ზემოთ დგას. ასე რომ ჩვენ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ ვანაცვალებთ არანაირ სხვა მიზანს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.