
თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის, იაკო კვანტალიანის განცხადებით, ის სამართალდამცველებმა ჩხრეკის ოპერაციის დროს ბინიდან გამოაგდეს და წიხლები ურტყეს.
კვანტალიანი ელიზბარაშვილის ბინის ჩხრეკას ესწრებოდა და პროცესს „ფეისბუქ-ლაივით" აშუქებდა, პროცესში კი ბინაში უამრავი სამართალდამცველი შევიდა და მას გადაღების შეწყვეტა მოსთხოვეს. ამის შემდეგ კი, როგორც კვანტალიანი აცხადებს, მასზე პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს.
„გარეთ გამომაგდეს, კარი გადამიკეტეს, ტელეფონი დამაგდებინეს, მერე წამაქციეს, წიხლებით შემდგა ხუთი პოლიციელი ერთად. ძალიან ცუდად ვარ, გვერდები მტკივა. ღვიძლში მირტყეს წიხლები. წიხლებით გამიგდო ხუთმა კაცმა ერთად, ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ ხალხო, ესენი კრიმინალები არიან თუ ვინ არიან? რა დრო არ გამოვიარეთ, ასეთი რამ ცხოვრებაში არ მინახავს. წინა რეჟიმის დროსაც ადვოკატი ვიყავი და ახლაც ადვოკატი ვარ. ასეთი რამ არასდროს მინახავს, ადვოკატს წიხლებს ურტყამენ, ეს რა ხდება ხალხო? რომელო დაცვაზეა ლაპარაკი, შუა დაცვის დროს გამომაგდეს", - განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს მას შემდეგ, რაც მისი ავომობილისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა ჩატარდა. „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ თამაზ ელიზბარაშვილის ავტომობილის ჩხრეკა მუქარისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.