რეზონანსი
01.09.2026

როდესაც ეს ნარკოტიკული საშუალება მიიღეთ და ცუდად გახდით, რატომ არ მოიკითხეთ ის ადამიანები, ვისაც ეს გადაეცით? - ამ კითხვით პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ საბა ბოჭორიშვილსა და გივი გუდაძეს სასამართლო პროცესზე მიმართა.

ბრალდებულებს აღნიშნულზე პასუხი არ გაუციათ.

როგორც სასამართლო პროცესზე გაირკვა, ორივე მათგანი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

დავით ყაზარაშვილის თქმით, საბა ბოჭორიშვილი ამ ნარკოტიკული საშუალების მიღების შემდეგ კლინიკაშიც კი მოხვდა, გივი გუდაძეს კი გულყრა ჰქონდა.

„არც ერთ მათგანს არ გაუკეთებია, ის რაც უნდა გაეკეთებინათ, მით უმეტეს, რომ მეგობარს ეძახდნენ გარდაცვლილს. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა მათ ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს და ცუდად გახდნენ, შეეძლოთ, დაერეკათ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ნარკოტიკი გადასცეს და ეთქვათ, გაეფრთხილებინათ.

ეს ყველაფერი დანაშაულთან მათ დამოკიდებულებაზე მეტყველებს. ისინი თავადაც იღებდნენ და სხვებსაც უნაწილებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. მათი თავისუფლებაში ყოფნით სხვა ადამიანების სიცოცხლესაც შეიძლება დაემუქროს საფრთხე.

კითხვა მაქვს, რატომ არ შეატყობინეს დაურ ბუავას ან ქალბატონს, კლინიკაში მოხვედრისას ან კლინიკის დატოვების შემდეგ ეს ყველაფერი?

როდესაც გარდაცვალების შესახებ გაიგეს და კითხულობდნენ, რა მოუვიდათ, იქამდე რატომ არ იკითხეს"?,- განაცხადა ყაზარაშვილმა.

გამოძიების თანახმად, დაურ ბუავამ და ბრალდებულმა ვალერია კირილიუკმა სწორედ გივი გუდაძის მიერ გადაცემული ნარკოტიკული საშუალება, "მეთადონი" მოიხმარეს. მისი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 6,27 გრამი "მეთადონი" ამოიღეს, რაც ბრალდებულს რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით 9 პაკეტად ჰქონდა დაფასოებული.

რაც შეეხება საბა ბოჭორიშვილს, მან უკანონოდ შეიძინა და საცხოვრებელ სახლში ინახავდა 0,24 გრამ გამომშრალ მარიხუანას.

ცნობისთვის, დაკავებულებიდან გივი გუდაძეს - ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე სეკუნდა მუხლის მეშვიდე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაციის ხელშეწყობა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადაცემა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება საბა ბოჭორიშვილს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვა) წარედგინა. აღნიშნული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×